თეგი: დმიტრო პოდოლიაკი

დმიტრო კულებას თქმით, ენერგოკრიზისის დასაძლევად უკრაინას ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება

ენერგოკრიზისის დასაძლევად ქვეყანას სჭირდება ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში, ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იმისთვის, რომ აღვადგინოთ ენერგოსისტემა, ჩვენ გვჭირდება ორი რამ: ტრანსფორმატორები, ეს არის ენერგოსისტემის ყველაზე დიდი ნაწილი და გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, რათა ჩამოვაგდოთ მტრის რაკეტები, რომლებითაც ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ხორციელდება“, – განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, რუსული რაკეტებისგან თავდაცვის სისტემების გარეშე ენერგეტიკული კრიზისი გაგრძელდება, რადგან აღდგენილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას კვლავ სარაკეტო დარტყმებით გაანადგურებენ. „ეს წრე უნდა გავარღვიოთ. გვჭირდება ორი ელემენტი – სათადარიგო ნაწილები ენერგეტიკული სისტემისთვის და რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მის დასაცავად“, – აღნიშნა კულებამ.  

პოდოლიაკი: ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება სოლედარსა და ბახმუტში

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა France-Presse-თან, ომში, უკრაინის ადრეული გამარჯვების პირობები დაასახელა და ასევე სოლედარში არსებულ ვითარებას შეეხო.  „სოლედარში სასტიკი ბრძოლებია“, - განაცხადა პოდოლიაკმა. მისი აზრით, ომი შესაძლოა, უკრაინის გამარჯვებით ჯერ კიდევ 2023 წელს დასრულდეს, იმ პირობით, რომ დასავლეთი გაზრდის იარაღის, კერძოდ, შორი დისტანციის რაკეტებისა და მძიმე ტანკების მიწოდების მოცულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოდოლიაკის აზრით, ომი შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. „მხოლოდ 100 კმ-ზე მეტი მანძილის მქონე რაკეტები მოგვცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად დავაჩქაროთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია“, - განაცხადა პოდოლიაკმა. პოდოლიაკი გულისხმობს ამერიკულ ATACMS-ის ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ, დაახლოებით 300 კმ მანძილი დაფარონ, - აღნიშნავს სააგენტო. დონეცკის მიმართულებით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პოდოლიაკმა თქვა, რომ მთავარი განსხვავება არსებულ ვითარებასა და სხვა ქალაქებისთვის ბრძოლებს შორის არის ის, რომ სოლედარსა და ბახმუტში ამ დროისთვის მშვიდობიანი მოსახლეობა პრაქტიკულად არ არის. „თუკი მარიუპოლში დაღუპულთა 90% მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, სოლედარსა და ბახმუტში ჯარისკაცები არიან“, - თქვა პოდოლიაკმა. მისი თქმით, ეს ქალაქები რუსეთისთვის არანაირ ტაქტიკურ და სტრატეგიულ ღირებულებას არ წარმოადგენს.